ცესკო-ში განმარტავენ შეზღუდვებს, რომელიც საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან ვრცელდება
ცესკო-ში განმარტავენ შეზღუდვებს, რომელიც საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან ვრცელდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ კიდევ ერთხელ განმარტა ის აკრძალვები და შეზღუდვები, რომელიც ხვალიდან, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ოფიციალურად დაწყების დღიდან ვრცელდება.

„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე აკრძალვები და შეზღუდვები კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე, ანუ 29 აგვისტოდან ამოქმედდება. კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წინასარჩევნო კამპანიის წარმართვა. გარდა ამისა, კანონმდებლობით აკრძალულია პირების მიერ, რომლებსაც არ ეკრძალებათ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება, მასზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან რაიმენაირად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს შეუწყობს რომელიმე კანდიდატის წარდგენას ან არჩევას“, – აცხადებს ანა მიქელაძე.

მისივე თქმით, კანონმდებლობით, ასევე აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სამუშაო საათებში წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წარმოება. გარდა ამისა, აკრძალულია არა მხოლოდ სამუშაო საათებში, არამედ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროსაც.

„კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ თუკი მანამდე არ იყო განსაზღვრული მასშტაბური პროექტების განხორციელება დაგეგმილი, ისინი არ უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, კანონმდებლობით აკრძალული არის პენსიების, შემწეობების გაზრდა, თუკი ეს მანამდე არ იყო დაგეგმილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტით.

ასევე, გარკვეული ვალდებულებები აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. კონკრეტულად, მათ უნდა გამოყონ ის შენობა-ნაგებობები, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის უფლება აქვს თითოეულ კანდიდატს.

ეს შენობა-ნაგებობები თანაბრად უნდა იყოს გამოყენებული და შესაბამისად, თანაბრად უნდა იყოს მიწოდებული თითოეული კანდიდატისთვის. ეს არის ის აკრძალვები და ვალდებულებები, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო კამპანია ოფიციალურად ხვალიდან იწყება.