ცესკო-ში არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების დროს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მონაწილეობით ინციდენტი მოხდა [ვიდეო]

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ინციდენტი მოხდა. როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აცხადებდა, ცესკო-ში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ეს გააპროტესტა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, ის შედეგები, რომელსაც ცესკო-ს თავმჯდომარე აცხადებდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

„ეს ყალბი შედეგებია, რას აცხადებ, თამარ, არ გრცხვენიათ? არ ასახავს ამომრჩევლის რეალობას, ეს არის „ქართული ოცნების“ შტაბში დაწერილი, რაც გადმოგცეს და გამოგაცხადებინეს. აქამდე შეგნებულად არ აჩენდნენ ოქმებს, რათა რეალური შედეგი არ დაგედოთ, დაითვალეს მხოლოდ ის ოქმები, სადაც მხოლოდ „ოცნების“ შედეგებია. არ არის რეალურად ასახული ის პროცენტები, რომელიც ხალხმა და ამომრჩეველმა მისცა, ეს არის ყველაფერი ფარსი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მსგავსად, ცესკო-ს წინასწარი შედეგები გააპროტესტა „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით გურგენიძემაც.