ცესკო-ში ამომრჩეველთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ელექტრონული არჩევნებისას ამომრჩეველთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობას არჩევნების მოდერნიზებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და ამომრჩეველთა უსაფრთხოება კენჭისყრის დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
„დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვას უკავშირდება, განსაკუთრებით, ტექნოლოგიური ინტერვენციის კონტექსტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობის გაღრმავება, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ მონაცემების დაცვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მონაცემთა დამუშავება, რათა დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დღეს საარჩევნო ადმინისტრაციაში ელექტრონული საშუალებებით კენჭისყრის ჩატარებისას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ. ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მონაცემთა დამუშავება, რათა დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე, იმისათვის, რომ არჩევნების დროისთვის სამსახურმა შეიმუშაოს სახელმძღვანელო რეკომენდაცია მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლების ინფორმირების მიზნით, ცესკო მათთან შეხვედრას გამართავს და დეტალურად გააცნობს საარჩევნო ტექნოლოგიებსა და პროცედურებს.
ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს.