ცესკო-ში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ზაზა გოგავამ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიიდან საკუთარი გვარის ამოღება მოითხოვა
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაზა გოგავამ ცესკო-ში წარდგენილი საარჩევნო სიიდან საკუთარი გვარის ამოღების მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განაცხადით მიმართა.
აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაუდასტურეს.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, ზაზა გოგავამ 27 სექტემბერს შეიტანა განაცხადი ცესკო-ში და პარტიებს სიაში ცვლილებების შეტანა 10 ოქტომბრამდე შეუძლიათ.
„საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის წევრობის კანდიდატს აქვს უფლება, უარი განაცხადოს არჩევნებში მონაწილეობაზე. როგორც მოგეხსენებათ, ახლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს პარტიული სიების რეგისტრაცია, შესაბამისად, პარტიული სიების რეგისტრაციის პროცესში იქნება გათვალისწინებული აღნიშნული განცხადება“, – აცხადებენ ცესკო-ში.
მანამდე, 27 სექტემბერს აჰმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო სიაში მისი გვარი თანხმობის გარეშე შეიტანა, იმამკულიევმა სთხოვა პარტიის თავმჯდომარეს, სასწრაფოდ ამოეღოთ მისი გვარი საარჩევნო სიიდან.