ცესკო-ში აცხადებენ, რომ თანამშრომლებზე დანამატი გაიცემა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, როდესაც ადმინისტრაცია მუშაობის ზეგანაკვეთურ რეჟიმზე გადადის
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლებზე დანამატი გაიცემა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობის განსაკუთრებულ ზეგანაკვეთურ რეჟიმზე გადადის და ცესკო-ს ნებისმიერ თანამშრომელთან ფინანსური ანგარიშსწორება კანონთან სრულ შესაბამისობაშია.
როგორც ცესკო-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ბუსკივაძემ განაცხადა, 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა შრომის ანაზღაურების ახალი კანონმდებლობა და ყველა საჯარო უწყებასთან ერთად ცესკო აღნიშნულ რეკონსტრუქციას დაექვემდებარა.
„უცნაურია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები, რადგან უმრავლესობა მათგანი მიეკუთვნება საკანონმდებლო საკითხებს და სცილდება ცესკო-ს კომპეტენციას, ხოლო ნაწილი მათგანი უკვე საარჩევნო პრაქტიკაში დანერგილია და სრულდება კიდეც. ასევე გაურკვეველია, რა საჭიროებებს უკავშირდება ამ ორგანიზაციის ანგარიში, რადგან ეს ორგანიზაცია არ მუშაობს ექსპერტულად ფინანსურ საკითხებზე. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებაზე გამოთქმულ მოსაზრებებს, ეს პროცესი არის სრულიად გამჭვირვალე, კანონთან სრულ შესაბამისობაში და ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომია. ორი წელია, საარჩევნო ადმინისტრაციაში პრემია არ გაცემულა, გაიცემა მხოლოდ დანამატი, ყველა თანამშრომელზე მხოლოდ საარჩევნო პერიოდში. კანონმდებლობის შესაბამისად, სარგო და დანამატი სხვადასხვა კატეგორიაა და არის კანონთან სრულ შესაბამისობაში“, – განაცხადა ოთარ ბუსკივაძემ.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო ადმინისტრაციის ანაზღაურების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ში გაცემული პრემიის/ჯილდოსა და სახელფასო დანამატის ოდენობა ცვალებადია, რის გამოც გაუგებარია, რა კრიტერიუმებით ხდება გასაცემი თანხის ოდენობის განსაზღვრა. თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის თანამდებობრივი სარგოები 55%-ით, 68%-ითა და 70%-ით გაიზარდა, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის – 65%-ით.