ცესკო-ში აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას კამპანიური ხასიათი მიეცა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას კამპანიური ხასიათი მიეცა.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობა გამოწვევად აღიქვეს გარკვეულმა ძალებმა და საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მიზანმიმართული მუშაობა მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი გახდა.
„დისკრედიტაციული კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის მიერ გაკეთებული განცხადება ცესკო-ს მივლინებებთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის საერთაშორისო პოზიციონირებისა და საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტის მიერ მივლინებების რაოდენობა და თანხები შესაბამისად იქნა გაშუქებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მიზანმიმართულად ეცადა აღნიშნული თანხის ხარჯვა არასწორად დაეკავშირებინა მხოლოდ ცესკო-ს თავმჯდომარის სახელთან. უფრო მეტიც, მან ტელევიზიით პირდაპირ მოიტყუა – თითქოს თავმჯდომარე წელს მივლინებით იმყოფებოდა კოლუმბიასა და მექსიკაში”, – აცხადებენ ცესკო-ში.
მათივე განცხადებით, ცესკო-ს თანამშრომლების შერჩევისას კომისია ხელმძღვანელობს მხოლოდ საკანონმდებლო კრიტერიუმებით, პროფესიული გამოცდილებით და არა სხვა რაიმე საფუძვლებით.
„აღსანიშნავია, რომ ამ პირების საარჩევნო საქმიანობას წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ სხვადასხვა დამკვირვებელი ორგანიზაციები. მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ფაქტი მათი არაპროფესიული ან მიკერძოებული მუშაობის შესახებ არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის მცდელობა ბოლო არაერთ არჩევნებზე დაფიქსირებულა, თუმცა ამას არ მოუხდენია ზეგავლენა ამომრჩევლის ნდობასა და დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებებზე. საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობას წარმართავს პროფესიული სტანდარტებით, რათა მოემსახუროს ამომრჩევლებს და მათი ხმა ზუსტად ასახოს არჩევნების შედეგებში”, – აცხადებენ ცესკო-ში.