ცესკო-ში აცხადებენ, რომ ავღანეთის ორ საარჩევნო უბანზე ჩატარებული არჩევნების ხმებს 28 ოქტომბერს დაითვლიან
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ავღანეთის ორ საარჩევნო უბანზე ჩატარებული საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების ხმებს 28 ოქტომბერს დათვლიან.
როგოც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, ავღანეთის ორ საარჩევნო უბანზე – N1 ბაგრამის საარჩევნო უბანი – „ბაგრამის საავიაციო ბაზა” და N2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი – „ბაზა მარმალი” გაიმართა კენჭისყრის პროცედურა.
მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეები. საერთო ჯამში ორივე სამხედრო ბაზაზე რეგისტრირებულია 875 ამომრჩეველი.
„დღეს განხორციელდა მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა. პროცესის დასრულების შემდეგ, საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები, სადაც მოთავსებულია ბიულეტენები, ილუქება და შედეგების დათვლა მოხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ავღანეთის საარჩევნო კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ადგილზე ხმის მიცემის პროცესს უზრუნველყოფს ცესკო-ს ორი სპეციალური ჯგუფი, რომელშიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.