ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად 3 703 საარჩევნო უბანი სულ მზადყოფნაშია, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი.
ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც ამომრჩევლებმა უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხვალ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს მისცემს უფრო მეტ შესაძლებლობას, ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. რაც შეეხება ავღანეთს – იქ მოსამსახურე ქართველმა სამხედროებმა, გუშინ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ნოემბერს ცესკოში, საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.
28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი. ესენია: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.
მიქელაძის განმარტებით, ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არც ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში. აღსანიშნავია, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია და საჯაროდ გამოკრულია ბიულეტენის შევსების წესი.
„შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი. აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო კაბინაში დაუშვებელია ფოტო-ვიდეო გადაღება“, – აღნიშნა პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, 28 ნოემბერს, დილის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, რომლებიც დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ასევე ოთხი უბნისთვის დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური). ამ ეტაპზე მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალების უბნებზე გადაცემის პროცესი.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658.
მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.
„28 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. საარჩევნო უბანზე ყველა ოფიციალური პროცედურის დასრულების შემდეგ, საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს. საოლქო საარჩევნო კომისიები სპეციალური პროგრამის საშუალებით, უმოკლეს ვადაში, ელექტრონულად მოაწვდიან ცესკო-ს და შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.
საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ დააკვირდეს ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე მოხდება.
24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი – 2 51 00 51 და ონლაინ ჩათი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ეთნიკური უმცირესობებისთვის ანალოგიური სერვისები ხელმისაწვდომია ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში. მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია”, – აცხადებენ ცესკო-ში.
მათივე ინფორმაციით, 28 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც მედიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. დღის განმავლობაში მედიაცენტრში პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები.
„მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩატარებას და ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელებას“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.