ცესკო - სერბეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას ეცნობიან
სერბეთის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას ეცნობიან. ცესკო-ს ინფორმაციით, სასწავლო ვიზიტი დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაიწყო.
სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის მდივანმა, სრჯან სმილიანიჩმა გახსნეს.
გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი დღის განმავლობაში ქართული მხარე სერბ კოლეგებს დეტალურ ინფორმაციას გააცნობს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და სიახლეების შესახებ.
„საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები და პროგრესი არ რჩება სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების ყურადღების მიღმა. სწორედ ამის დასტურია ის, რომ დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ სერბეთის საარჩევნო კომისიის დელეგაციას. ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა გამჭვირვალობის ზრდა, ტექნოლოგიების დანერგვა, ელექტრონული სერვისების განვითარება და სხვა. ვფიქრობ, აღნიშნული ხელს შეუწყობს სერბეთის საარჩევნო კომისიას საკუთარი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში. ინფორმაციისა და პრაქტიკის გაზიარებაზე დაფუძნებული შეხვედრები ხელს უწყობს სხვა ქვეყნების საარჩევნო ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე გვაძლევს საშუალებას, განვიხილოთ სხვა ქვეყნების კარგი პრაქტიკა და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ ჩვენი საქმიანობის დაგეგმვა/განხორციელებისას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მანდატი, შემადგენლობა და სტრუქტურა, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება არჩევნებში, ამომრჩეველთა განათლება/ინფორმირება, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მუშაობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მედიასთან და ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე დეტალურ ინფორმაციას სერბ კოლეგებს ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და სწავლების ცენტრის დირექტორი უზიარებენ. საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს სერბეთის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმაც. შეხვედრას მოდერაციას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე დავით ღონღაძე და სერბეთის პროგრამის უფროსი ოფიცერი იოვანა სტრაჰინიჩი უწევენ.
სასწავლო სამუშაო შეხვედრა, რომელიც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით იმართება, დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ცესკო-ში სამუშაო შეხვედრები სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით პერიოდულად იმართება. გასულ წელს მსგავსი შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიისა და მოლდოვის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან გაიმართა“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.