ცესკო სავარაუდო დარღვევებსა და ხარვეზებთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას ეხმიანება
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა სავარაუდო დარღვევებსა და ხარვეზებთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით ისაუბრა და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.
„ბათუმში, მე-9 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ სხვა წევრების მისვლამდე დაიწყო პროცედურები, გადათვალა ბიულეტენები, კომისიის წევრების მისვლის შემდეგაც გადაითვალა დოკუმენტაცია და სწორი იყო, დაიწერა საჩივარი. რაც შეეხება ზუგდიდს, ახალსოფლის 36-ე უბანს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ უბანი არ გაიხსნა დროულად, არასწორია, უბანი გაიხსნა და ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვაკის მეოთხე საარჩევნო უბანზე კაბინის უკანა მხრიდან ამომრჩეველს უყურებენ, აღვნიშნავთ, რომ ამ უბანზე კენჭისყრა კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს და ფარულობის პრინციპი დარღვეული არ არის. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის 96-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა სადეზინფექციო ხსნარის მეშვეობით მარკირების მოშორების ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარიც დაიწერა. საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ გადაამოწმა ინფორმაცია, რაც სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება.
დუისის 26-ე საარჩევნო უბანზე დადასტურდა, რომ ამომრჩეველმა შეცდომით წარადგინა მისი ოჯახის წევრის პირადობის მოწმობა; განვმარტავთ, რომ იდენტიფიცირების პროცედურის გავლის შედეგად აღნიშნული ამომრჩეველი სხვისი პირადობით ვერანაირად ვერ მიიღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას. ზუგდიდის მეათე საარჩევნო უბნიდან გააძევეს ორი დამკვირვებელი, ვინაიდან, თავმჯდომარის განცხადებით, ისინი ერეოდნენ კომისიის წევრების ფუნქციებში და აფერხებდნენ ამომრჩევლების გადაადგილებას. ქუთაისის მე-17 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს საკუთარი ნების დაფიქსირების უფლება არ მისცეს, ვინაიდან ის გახლდათ მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარი და პანსიონის ხელმძღვანელის მოთხოვნით იყო გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში; შესაბამისად, მას აქვს უფლება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს გადასატანი ყუთის მეშვეობით.
რაც შეეხება ვაკის მესამოცე საარჩევნო უბანს და გადასატანი საარჩევნო ყუთის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, – გადასატანი ყუთის საარჩევნო სიის შედგენა საუბნო საარჩევნო კომისიის პრეროგატივაა. აღნიშნულ უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში 19 ამომრჩეველი ფიქსირდება, მათ შორის 14 არიან პირები, რომელთაც პირველ ტურშიც მონაწილეობა მიიღეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით და მეორე ტურისთვის მათ, კიდევ ხუთი ამორმჩეველი დაემატა. ნაძალადევის 42-ე და მეასე საარჩევნო უბნები არის ერთ შენობაში განთავსებული და ორივე უბნის სიებში ფიქსირდება ერთი და იგივე სახელისა და გვარის მქონე პირი, რომლებიც სხვადასხვა პიროვნებები არიან. მათ აქვთ სხვადასხვა პირადი ნომერი. შესაბამისად, ინფორმაცია ერთი და იგივე ამომრჩეველი ორი საარჩევნო უბნის სიაში იმყოფება, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადეს ცესკო-ში.
ამასთან, ნათია იოსელიანმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რომელიმე კომისიის წევრს კოვიდინფექცია დაუდგინდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„კოვიდინფიცირებულ ამომრჩევლებთან დაკავშირებით მონაცემებს შესაბამისი უწყებები გვაწოდებენ და ასევე იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც არჩევნების დღისთვის იქნებიან სამკურნალო დაწესებულებაში ან იზოლაციაში. აღნიშნული პირები გადავამოწმეთ და არც ერთი მათგანი აღნიშნულ ბაზაში არ აღმოჩნდა. ამდენად, ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე კომისიის წევრს კოვიდინფექცია დაუდგინდა, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა იოსელიანმა.
ცესკო-ს პრესსპიკერმა საზოგადოებას გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია.
„კენჭიყრის პროცედურები გადასატანი ყუთის მეშვეობით მიმდინარეობს დილის 09:00 საათიდან 19:00 სთ-მდე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა. აქვე, მინდა, შევახსენო ამომრჩევლებს, საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების, ასევე საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ ისარგებლონ ცესკო-ს ვებგვერდით – cesko.ge.
ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლიათ ცესკო-ს კონტაქტ-ჰაბში, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს, ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ ჟესტურ ენაზე, ვიდეოზარის საშუალებით მიიღონ სასურველი ინფორმაცია“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ბრიფინგზე აღინიშნა, რომ მოუწოდებენ როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ისე საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მეორე ტურის – კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას და ამომრჩევლებს არ შეუშალონ ხელი კონსტიტუციური უფლების განხორციელებაში.