ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
29 აპრილს გასამართი შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს.
როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ათივე საოლქო საარჩევნო კომისიამ, საერთო ჯამში, უნდა აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიების 1 312 წევრი, მათ შორის 492 ხელმძღვანელი პირი.
ცესკო-ს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში კანდიდატთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 9 მარტს დასრულდება. საკონკურსო დოკუმენტაციის შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალური სახით, ასევე სპეციალური ელექტრონული პლატფორმის საშუალებით – konkursi.cec.gov.ge.
„საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მათ, ვინც აკმაყოფილებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელების საწყის ეტაპზევე ჩაერთონ პროცესში, დროულად გაიარონ შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურები და საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვას.
კონკურსის პირობების, ვადებისა და არჩევის წესის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, მიმართოთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, ასევე კონტაქტჰაბს ტელეფონის ნომერზე – 2 51 00 51.
მივმართავთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისა და წევრების არჩევის პროცესი წარმართონ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ახალი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების შესაბამისად და ხელი შეუწყონ შესარჩევი კონკურსის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით წარმართვას“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.