ცესკო - შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია, რომლის მიზანიცაა საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა
სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და არასწორი ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებსა და დისბალანსთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს მიზანმიმართულ კამპანიას. არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანია საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ცესკო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი შესაძლოა გამოწვეული იყოს ობიექტური გარემოებებით. კერძოდ, რიგ შემთხვევებში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ ის ხმას არ აძლევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რაც იწვევს დისბალანსს მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში და სხვაობას საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემული ხმების ჯამსა და კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას შორის“, – განაცხადა მიქელაძემ.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, „რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემაჯამებელ ოქმებში, მართლაც არის დისბალანსი მონაცემებს შორის, რომელიც გამოწვეულია შემაჯამებელ ოქმში მონაცემთა შეტანისას დაშვებული შეცდომით, აღნიშნულ შემთხვევაში, შესწორების ოქმითა და შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებით, აღმოიფხვრება უზუსტობა“.
„საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში, შესაბამისი მონაცემის გასწვრივ, მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა. შესწორების ოქმების შედგენა, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მეორე დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებში. სამწუხაროა, რომ სხვადასხვა პირები მიზანმიმართულად და შეგნებულად აქვეყნებენ შემაჯამებელ ოქმებს, რომლებშიც დისბალანსი გამოწვეულია ზემოაღნიშნული ობიექტური საფუძვლებით და არსებობის შემთხვევაში, მათ მიერ არ ხდება შესწორების ოქმების ან/და კომისიის შესაბამის წევრთა ახსნა-განმარტებების გამოქვეყნება, რის მიზანსაც, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და უნდობლობის გაჩენა არჩევნების შედეგებისადმი. ამასთან, რაც შეეხება ოქმებთან დაკავშირებულ უზუსტობებს, რომლებზეც საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოსულია საჩივრები, ისინი კანონის შესაბამისად განიხილება და ყველა კონკრეტულ საკითხზე, საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოხდება სამართლებრივი რეაგირება და გადაწყვეტილება“, – განაცხადეს ცესკო-ში.
საინფორმაციო ბრიფინგის ბოლოს ანა მიქელაძემ წარადგინა შემაჯამებელი ოქმების მაგალითები, „რომელთა მიხედვითაც ფიქსირდება კონკრეტული ამომრჩეველი, რომელმაც მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, თუმცა მათგან ყველას არ შეეძლო მაჟორიტარულ ნაწილში არჩევანის გაკეთება, რის გამოც არის განსხვავება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასა და მაჟორიტარებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას შორის“.
„აღნიშნული ნათლად ჩანს ამავე უბნების პროპორციული ნაწილის შემაჯამებელ ოქმებშიც, სადაც არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა ზუსტად ემთხვევა მიცემული ხმების და გაბათილებული ბიულეტენების ჯამს“, – აღნიშნა მიქელაძემ.
ცესკოს პრეს-სპიკერმა ასევე წარადგინა შემაჯამებელი ოქმები, რომელთაც კანონმდებლობის შესაბამისად თან ერთვის შესწორების ოქმები, რითაც მისი თქმით, აღმოფხვრილია უზუსტობა.