ცესკო - საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათის მდგომარეობით, 17.72% შეადგინა, თბილისში - 15.8 პროცენტი
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათის მდგომარეობით 17.72 პროცენტი შეადგინა.
ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი თბილისში.
„გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 12:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 17.72%, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა 27.4% დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი 15.8% თბილისში“, – აცხადებენ ცესკო-ში.
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს შეახსენებს.
„საარჩევნო უბნები კანონმდებლობის თანახმად 20:00 საათზე დაიხურება. რის შემდეგაც წილისყრით გამოვლინდებიან მთვლელები, კომისიის წევრები დაითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, გარკვეული სახის დოკუმენტაცია დაილუქება, ამის შემდეგ დაიწყება საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლა.
3 200 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება დაიწყება, რაც გარკვეულწილად ასევე ზრდის დათვლის პროცედურების ხანგრძლივობას. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიებს, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება, უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკო-ს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
ატვირთვის პროცესში ოპერატორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ასევე იმ პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ოპერატორები, რომლებსაც დანიშნული ყავთ ცესკო-ში წევრი. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოშ-ი ინტერნეტტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360-გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-გვერდზე, Youtube-სა და ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.