ცესკო - საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბესო ლაჩაშვილს ზვიად კუპრავა თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს და გადადგომის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდება
საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას და არჩევნების დისკრედიტაციას, – ამის შესახებ განცხადებას ცესკო ავრცელებს.
როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ინტენსიური ზეწოლა გრძელდება.
„საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბესო ლაჩაშვილმა მიიღო სატელეფონო შეტყობინება, სადაც მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ და გადადგომის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდებიან. შეტყობინების ავტორი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზვიად კუპრავა.
გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) რამდენიმე თანამშრომელმა ასევე მიიღო სატელეფონო შეტყობინება, სადაც თანამშრომლებს მოუწოდებენ უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ თუ ცესკოს თანამშრომლები ასეთ განაცხადს გააკეთებენ, ხელშეუხებლობის პირობას მიიღებენ. თუმცა ჩვენთვის უცნობია ვის ეკუთვნის ტელეფონის ნომერი, საიდანაც სატელეფონო შეტყობინება გამოიგზავნა თანამშრომლებთან. აღნიშნული ნომერი ამჟამად გამორთულია.
ამასთან, ასევე გრძელდება დეზინფორმაციის გავრცელება საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. კერძოდ კი, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ამომრჩეველთა ბარათების ფოტოები და დეზინფორმაცია, თითქოსდა ზოგიერთ მისამართზე მიიღეს გარდაცვლილი პირების სახელზე გაცემული ამომრჩეველთა ბარათები, ან ისეთი პირების ბარათები, რომლებიც აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობენ. გავრცელებული ინფორმაცია გადავამოწმეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და ვაცხადებთ, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად და ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს საარჩევნო პროცესი წარმართოს მშვიდ ვითარება“, – აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.