ცესკო საარჩევნო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ბაზრის კვლევას იწყებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ბაზრის კვლევას იწყებს და საარჩევნო ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიებს იწვევს.
2022 წლის 22 დეკემბერს ამოქმედდა საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები, რომლის თანახმად, საქართველოში არჩევნები უნდა გაიმართოს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, რაც გულისხმობს ამომრჩეველთა რეგისტრაციას, ხმის მიცემას, ხმის დათვლას და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ასევე, კანონით სავალდებულო გახდა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების აუდიტი.
ცესკო-ს ცნობით, კანონის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით უნდა ჰქონდეს საქართველოს ამომრჩეველთა არანაკლებ 70 პროცენტს (2022 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 470 407-ს).
კანონის ამავე ნორმების შესაბამისად, განისაზღვრა, რომ არჩევნებში ელექტრონული საშუალებები, აგრეთვე მათი გამოყენების წესი და პირობები მტკიცდება ცესკო-ს დადგენილებით, ხოლო აუდიტის ჩატარების წესს განკარგულებით ამტკიცებს ცესკო.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, 2023 წლის აპრილში უნდა გაიმართოს საქართველოს პარლამენტის შუალედური, ორი მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე და რამდენიმე საკრებულოს შუალედური არჩევნები. ხსენებული არჩევნები ინიშნება კენჭისყრის დღემდე არანაკლებ ორი თვით ადრე. აღნიშნული არჩევნებიც, საერთო არჩევნებისათვის დადგენილი წესით, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით უნდა ჩატარდეს. ცესკოს 2023 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, 2023 წლის აპრილში გასამართი არჩევნები ტარდება 10 ოლქში, 164 საარჩევნო უბანზე, საიდანაც 117 საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით უნდა ჩატარდეს, რაც მოიცავს აპრილში გასამართ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 91% პროცენტს, დაახლოებით 185 000 ამომრჩეველს.
ცესკო-ს მიერ 2023 წლის 6 თებერვალს მიღებულ იქნა N7/2023 დადგენილება „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“, რომელიც დეტალურად აღწერს შესაბამის პროცედურებს. ამ დადგენილების შესაბამისად, ზემოხსენებული შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები და 2024 წელს გასამართი საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდება ამავე დადგენილებით განსაზღვრული წესითა და პირობებით. ზემოაღნიშნული დადგენილება დანართის სახით თან ერთვის წინამდებარე განცხადებას.
2023 წლის აპრილში გასამართი შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა და სწავლების მიზნით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ესაჭიროება 840 ერთეული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის მოწყობილობა, 520 ერთეული ხმის მთვლელი მოწყობილობა და ბიულეტენების ყუთი (თავსახურით), ასევე, შედეგების გადაცემის პროგრამული უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია, პოტენციური მომწოდებლის დადგენის მიზნით, ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის საარჩევნო ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიებს იწვევს.
კვლევაში მონაწილეობისთვის სავალდებულო პირობები გამოქვეყნებულია ცესკო-ს ვებგვერდზე.