ცესკო - საარჩევნო პროცესში ჩართულმა მხარეებმა ზედმიწევნით იციან, რომ კანონით პარტიულ სიებში კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმება შეუძლებელია, თუმცა მანიპულაციის გზა აირჩიეს
საარჩევნო კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, – ამის შესახებ აღნიშნულია ცენტრალური სააღჩევნო ადმინისტაციის განცხადებაში.
როგორც ცესკო განმარტავს, არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ.
„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა მხარეებმა ზედმიწევნით იციან, რომ კანონმდებლობით ეს შეუძლებელია, მათ ამ საკითხთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც არჩევნების შეფასებისას, მანიპულაციის გზა აირჩიეს, რითიც, სავარაუდოდ, ცესკო-ზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობენ. საარჩევნო ადმინისტრაცია, ყველა სხვა შემთხვევის მსგავსად, ამ საკითხთან მიმართებაშიც ზედმიწევნით დაიცავს კანონს.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით კი განვმარტავთ, რომ, საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ.
ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკო-ს“, – აღნიშნულია ცეკო-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მიმართავენ, მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ გაიცეს მათზე დეპუტატის დროებითი მანდატი.