ცესკო - „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს დაინტერესებული მხარეები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის იყენებენ
ცესკო - „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს დაინტერესებული მხარეები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის იყენებენ

„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს დაინტერესებული მხარეები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის იყენებენ, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაშია აღნიშნული.

ცესკოს განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ 2024 წელს ელექტრონული არჩევნები წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

„საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებები მორიგი მცდარი ნარატივის გავრცელების მიზეზი გახდა, რომელსაც ზოგიერთი დაინტერესებული მხარე საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით იყენებს.

ამჯერად არასწორ და მადისკრედიტებელ ინფორმაციას პარტია „ლელოს“ მიერ დანიშნული ცესკო-ს წევრი, ამავდროულად ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი სიორიძე, ვალდებულია დაიცვას საარჩევნო ადმინისტრატორის პროფესიული და ეთიკური ნორმები და პირველ რიგში თავად იყოს მიუკერძოებელი, სწორედ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს უწყების იმიჯის დამაზიანებელ პოლიტიკურ განცხადებებს.

ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე, მან ყოველგვარი დასაბუთებისა და კონკრეტული არგუმენტების გარეშე განაცხადა, რომ „ევროკავშირის გაცხადებული პოზიციით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი პრობლემა მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის არარსებობაა“. ცესკო-ს მიმართ ნდობის საკითხთან დაკავშირებით უცნობი და გაუგებარია, კონკრეტულად რომელ ინფორმაციას ან განცხადებას ეყრდნობა გიორგი სიორიძე. ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადება ჩვენთვის ცნობილი არ არის, სამაგიეროდ საინფორმაციო სივრცეში მრავლად იძებნება სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ გაკეთებული დადებითი შეფასებები თუ კვლევის შედეგები.

დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და შესაბამისად, მიუღებელია გიორგი სიორიძის კიდევ ერთი განცხადება, რომ „ქართული ოცნება ცესკო-ს არალეგიტიმური თავმჯდომარისა და წევრებისთვის ცვლის საარჩევნო კანონმდებლობას, აუქმებს ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებინებს ქართული ოცნების პარტიულ ცესკო-ს“. კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე უწყება და ამას ადასტურებს არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასება და უწყების მიერ საქმიანობის გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარმართვა. ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ ცესკო-ს 17 წევრიდან 9 სხვადასხვა პარტიას წარმოადგენს, დანარჩენები კი პროფესიული ნიშნით პარლამენტის მიერ არიან არჩეულნი, ყველა მათგანის მმართველ პარტიასთან გაიგივება კი როგორც მინიმუმ არაკოლეგიალური და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, სიორიძის წარმდგენ პოლიტიკურ პარტიას, კომისიაში კვლავ ეყოლება კომისიის წევრი, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებებზე ექნება იგივე გავლენა, რაც აქამდე ჰქონდა – ერთი ხმის უფლება, როგორც დანარჩენ 16 წევრს. ასევე, მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, ოპოზიციური მოადგილის ერთადერთ ფუნქციას, მხოლოდ თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, მისი მოვალეობის შესრულება წარმოადგენდა, შესაბამისად, მის მიერ გაკეთებული შეფასებები იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ეს მხოლოდ ადმინისტრაციის დისკრედიტაციას და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენის ისახავს მიზნად.

ამასთანავე, სპეკულაციური და ალოგიკურია გიორგი სიორიძის პოზიცია თავმჯდომარის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ის ერთი მხრივ ეჭვქვეშ აყენებს არაპარტიული ადამიანის მიუკერძოებლობას და ამავდროულად თავად, პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული და გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე, ამტკიცებს საკუთარ მიუკერძოებლობას. ამასთან არალეგიტიმურობაზე საუბრისას ის პირდაპირ უგულებელყოფს საკანონმდებლო ჩანაწერებს, ვინაიდან კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადებს, ხოლო თუ სამართლებრივი შეფასების მიღმა, ზოგადად, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ლეგიტიმაციას მოიაზრებს, აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე მრავალპარტიული მხარდაჭერით არის არჩეული. სიორიძის განცხადებები კი ემსახურება პროფესიული, ნეიტრალური ორგანიზაციის პოლიტიზებას.

მოვუწოდებთ გიორგი სიორიძეს და საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების საქმიანობა შეაფასონ ობიექტურად, ნუ გაავრცელებენ დეზინფორმაციას და ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს.

თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ 2024 წელს ელექტრონული არჩევნები წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს“, – აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.