ცესკო - საარჩევნო ბიულეტენზე კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად არანაირ სააგიტაციო მინიშნებას ადგილი არ აქვს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საარჩევნო ბიულეტენის ჩარჩო ფორმაზე კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად მინიშნებაა გაკეთებული, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამის შესახებ მან საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
ნათია იოსელიანის თქმით, არანაირ სააგიტაციო მინიშნებას არც ჩარჩო ფორმაზე და არც ბიულეტენზე ადგილი არ აქვს. მისივე განცხადებით, ამ საკითხზე აპელირება არის გაუმართლებელი და წარმოადგენს საარჩევნო პროცესის დაზიანების მცდელობას და ასევე ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის შემცირებას.
„კენჭისყრის პროცესი გრძელდება და საარჩევნო უბნებზე კანონმდებლობის სრული დაცვით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებიან ამომრჩევლებს. აქვე აუცილებლად მიგვაჩნია გამოვეხმაუროთ არასწორ და მანიპულაციურ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული არასწორი და მანიპულაციური ინფორმაციის მიხედვით, საარჩევნო ბიულეტენის ჩარჩო ფორმაზე კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად მინიშნებაა გაკეთებული.
ბათუმში ხმის მიცემის პროცედურა ელექტრონული აპარატით ხორციელდება და უკვე შევსებული ბიულეტენი საარჩევნო ყუთში მოთავსებამდე ჩარჩო ფორმაში იდება. აღნიშნულ ჩარჩო ფორმაზე დატანილია სტანდარტული ინსტრუქცია ამომრჩევლისთვის, თუ როგორ უნდა გააფერადოს მისთვის სასურველი კანდიდატის წინ არსებული წრე. ნიმუშად მოცემულია ცარიელი და შევსებული წრეები, გაფერადებულია მეორე წრე. ამ ჩარჩო ფორმას და ინსტრუქციას იყენებენ პირდაპირი მანიპულაციისთვის.
თუ კარგად დავაკვირდებით, მოკლე ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გააფერადოს ამომრჩეველმა წრე, უშუალოდ საარჩევნო ბიულეტენის ზედა ნაწილშიც არის განთავსებული, სადაც ნიმუშად პირველი წრეა გაფერადებული.
ასე რომ, ფაქტია, არანაირ სააგიტაციო მინიშნებას არც ჩარჩო ფორმაზე და არც ბიულეტენზე ადგილი არ აქვს. ამ საკითხზე აპელირება არის გაუმართლებელი და წარმოადგენს საარჩევნო პროცესის დაზიანების მცდელობას, შეყავს საზოგადოება შეცდომაში და ასევე ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის შემცირებას“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.
ამასთან, ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ და არასწორად ინტერპრეტირებულ ინფორმაციას, ნუ გასცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს, არ შეუშალონ ხელი საარჩევნო კომისიების მუშაობას, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდად წარმართოს საქმიანობა, რათა ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება.
„ელექტრონული ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი არის ცესკო-ს უკვე წარმატებული საპილოტე პროექტი, წელს კიდევ ერთი ახალი კომპონენტი დაემატა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის ელექტრონული ვერიფიკაციის აპარატები. ასეთი ტექნოლოგიების პილოტირება და დანერგვის შესაძლებლობების განხილვა კი, მხოლოდ საარჩევნო პროცესის განვითარებას და შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ დღეს ბათუმის შუალედურ არჩევნებში პარტიის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა.
„ბიულეტენში წარმოდგენილია მხოლოდ ორი კანდიდატი, მათე ფუტკარაძე და რამაზ ჯინჭარაძე და ცესკო-ს პირდაპირ მინიშნებული აქვს, რომ გაფერადდეს მეორე, ანუ ბიულეტენში, სადაც 41 ნომერია, იმის გასწვრივ არსებული წრე. ეს, ნებისმიერი პიარტექნოლოგი გეტყვით, რომ არის ირიბი მინიშნება, თუ რომელ კანდიდატს უნდა მისცენ ხმა“, – აღნიშნა ქამადაძემ.