ცესკო-სა და კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნების ელექტრონულად ჩატარებას ითვალისწინებს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
როგორც ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტიპის არჩევნები ჩატარდეს მაღალ პროფესიულ დონეზე.
„დღეს ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება საერთაშორისო ვენდორ კომპანიასთან „სმარტმატიკი“, რომლის მიხედვითაც სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის სამივე საარჩევნო უბანი აღიჭურვება სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით და უზრუნველყოფილი იქნება სათანადო ტექნიკური მხარდაჭერა. ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პრაქტიკაში პილოტირებისას ვნახოთ ამ აპარატების უპირატესობები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო პროცესს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
„სმარტმატიკის“ წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია „სმარტმატიკსა“ და ცესკო-ს შორის წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება.
„ძალიან ამაყები ვართ, რომ საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკსა“ და ცესკო-ს შორის წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. ჩვენ დღეს გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც სენაკის შუალედურ არჩევნებზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ტექნოლოგიები. მათ შორის, პირველად, სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატები. დარწმუნებული ვარ, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, სენაკის არჩევნებზეც პროცესი წარმატებით ჩაივლის,“ – განაცხადა „სმარტმატიკის“ წარმომადგენელმა გილერმო სოლოსმა.
დღესვე მხარეებს შორის გაფორმდა კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას დონაციის სახით გადმოეცა 60 ცალი საარჩევნო ყუთი, რომელიც განკუთვნილია ტექნიკური საშუალებებით არჩევნების ჩასატარებლად.
ცესკო-ს ცნობით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნები 2022 წლის პირველ ოქტომბერს გაიმართება.
„არჩევნები სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. სენაკის არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაცია სიახლის სახით პირველად გამოიყენებს სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატებს. შესაბამისად, ამომრჩეველს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეეძლება მისვლა და რეგისტრაციის (ვერიფიკაციის) პროცედურის გავლა. ეს კი თავის მხრივ შეამცირებს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგებს და გაამარტივებს პროცედურას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.