ცესკო-სა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით განხორციელებული კვლევის, „საქართველოში ქალი კანდიდატების პოლიტიკური მონაწილეობის დამაბრკოლებელი ბარიერები“ პრეზენტაცია გაიმართა
ცესკო-სა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით განხორციელებული კვლევის, „საქართველოში ქალი კანდიდატების პოლიტიკური მონაწილეობის დამაბრკოლებელი ბარიერები“ პრეზენტაცია გაიმართა

„საქართველოში ქალების (ქალი კანდიდატების) პოლიტიკური მონაწილეობის დამაბრკოლებელი ბარიერების შესახებ“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის (CoE) თანამშრომლობით განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარეობდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ, ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელმა, მარკუს ადელსბახმა და ცესკო-ს წევრმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, მაია ზარიძემ გახსნეს.

როგორც ღონისძიების დასაწყისში ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც, თავის მხრივ, ქალთა საარჩევნო და პოლიტიკური გაძლიერების ხელშეწყობას მოიცავს.

„ქალთა პოლიტიკური გაძლიერების ხელშეწყობა არის იმ საერთაშორისო სტანდარტის, ინკლუზიურობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ჩვენი საქმიანობისთვის და, ზოგადად, საარჩევნო გარემოსთვის ძალიან მნიშნელოვანია. იმისთვის, რომ სწორად მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება, ამ ყველაფერმა კი სათანადო პროგრესი გვაჩვენოს, აუცილებელი იყო, შეგვესწავლა ბარიერები და ის შემაფერხებელი ფაქტორები, რომლებიც ქალი კანდიდატებისთვის ხელის შემშლელ გარემოებას წარმოადგენდა. კვლევაში იდენტიფიცირებულია მთელი რიგი მიღწევები, გამოწვევები და პრობლემური საკითხები, რომლებიც ჩვენი ინსტიტუციის მხრიდან, ასევე ჩართული მხარეების მხრიდან საჭიროებს შესაბამის რეაგირებას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აღნიშნული პროცესის ინკლუზიურობას“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა კვლევის პრეზენტაციის შემდგომ.

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, ნატალია ვუტოვას განცხადებით, კვლევა, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ინტერვიუები ჩატარდა პირისპირ გასაუბრების საფუძველზე და გამოიკითხა საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალა.

„დოკუმენტში ფორმულირებულია/წარმოდგენილია რამდენიმე კონკრეტული რეკომენდაცია. დოკუმენტი თავისი არსით უთანაბრდება გზამკვლევს, რომელიც გვაძლევს მიმართულებას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საარჩევნო სისტემამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში“, – აღნიშნა ნატალია ვუტოვამ.

„საქართველოში ქალების (ქალი კანდიდატების) პოლიტიკური მონაწილეობის დამაბრკოლებელი ბარიერების შესახებ“ კვლევა ევროპის საბჭოს ექსპერტმა, დაიან ბუნიანმა წარადგინა. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერების ინსტრუმენტების შესახებ პრეზენტაცია კი ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის განყოფილების პოლიტიკის მრჩეველმა, კრისტინა იაკობსონმა გამართა.

ღონისძიებას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.