ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე იმარჯვებს
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე იმარჯვებს.
როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, 14-ვე საარჩევნო უბნის წინასწარი პირველადი მონაცემები შემდეგია:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათე ფუტკარაძე – 3 233 ხმა (31%);
„ქართული ოცნება- დემოკრატიული მოძრაობა“, რამაზ ჯინჭარაძე – 7 190 ხმა (69%).
ცესკო-ს ცნობით, პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, ცესკო კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან ერთ საათში წარმოგიდგენთ ბათუმის შუალედური არჩევნების წინასწარ მონაცემებს 14-ვე საარჩევნო უბნის მიხედვით.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა აღნიშნა, წინასწარი მონაცემების ოპერატიულად გამოქვეყნება სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების – ხმის მიცემის, ხმის დათვლისა და ვერიფიკაციის აპარატების გამოყენებით გახდა შესაძლებელი.
„ეს არის წინასწარი პირველადი მონაცემები და ის უკვე ასახულია ცესკო-ს ვებგვერდზეც. რა თქმა უნდა, ბათუმის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ბიულეტენებს კანონმდებლობით დადგენილი წესითაც დაითვლიან, რომლის შედეგიც იქნება იურიდიული ძალის მქონე. ასევე განხორციელდება დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება, აღნიშნული კი, საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი წარმატებული ინიციატივაა, რაც ხმის დათვლის პროცედურების კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას უწყობს ხელს“, – აღნიშნა ცესკო-ს პრესპიკერმა.
რაც შეეხება აქტივობას, ცესკო-ს ცნობით, დღეს ბათუმის საარჩევნო უბნებზე 10 578 ამომრჩეველი (51,3%) მივიდა.