ცესკო-ს წარმომადგენელი - ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრები პროცედურული ხასიათისაა, რომელზეც რეაგირება იქნება
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული 40-ვე განცხადება-საჩივარი უმნიშვნელო, პროცედურული ხასიათისაა, რომელზეც კომისიას შესაბამისი რეაგირება ექნება, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა განაცაცხადა.
მისი შეფასებით, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, თავისუფლად დააკვირდნენ ყველა ეტაპს.
„ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა ინციდენტის თაობაზე. ძირითადად, ასეთი შემთხვევები ხდება კენჭისყრის შენობის გარეთ და მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელზეც საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის უწყებებს აქვთ რეაგირება და ეს კენჭისყრაზე გავლენას არ ახდენს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში. მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.