ცესკო-ს თავმჯდომარისა და ორი წევრის თანამდებობებზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გამოსცა.
კონკურსი ცხადდება 2022 წლის თებერვალში ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს ორი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული პოზიციებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2022 წლის 11 იანვრის ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან გააგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected].
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მეხუთე პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ ხუთი წლის შრომითი გამოცდილება.
ცესკო-ს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ ხუთი წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
წარსადგენი საბუთების სრული ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.