ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე - ათივე მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს
ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე - ათივე მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნებისთვის ელექტრონულად ხმის მიცემის პროცედურა იქნება ერთგვარი გამოცდილება.

„მიმდინარეობს შუალედური არჩევნები. ახლა ვიმყოფებით ფოთის #6 უბანზე. აქ მიმდინარეობს კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ვაკვირდებით პროცესს და ვხედავთ, რომ ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია და მონაწილეობენ არჩევნებში შეფერხებების გარეშე.

ჩემი ინფორმაციით, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა და ყველანი ველოდებით, კენჭისყრის პროცესში როგორ იმუშავებს ელექტრონული ტექნოლოგია, თუმცა, აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო კომისია, როგორც ამომრჩევლები, დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ საარჩევნო პროცესში და დარწმუნებული ვარ, დღის ბოლოს გვექნება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ.

ამასთან, შარაბიძე გამოეხმაურა პარტია „თავისუფალი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატის, ბესიკ წულეისკირის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს საარჩევნო სიებში გარდაცვლილი პირები დაფიქსირდა. შარაბიძე აღნიშნულ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

რაც შეეხება ბატონ წულეისკირის განცხადებას, საარჩევნო სიები ხელმისაწვდომია ყველა ჩართული მხარისთვის, მისი ასლი შეუძლია, მიიღოს აბსოლუტურად ყველა ჩართულმა მხარემ, მათ შორის წარმდგენმა პოლიტიკურმა პარტიებმა თუ საინიციატივო ჯგუფებმა. საარჩევნო სიები გამოკრულია საჯაროდ და  ჩატვირთულია ვერიფიკაციის აპარატებში. აღნიშნულ საკითხზე საუბარი კი შეიძლება პოლიტიკურ დღის წესრიგს ითვალისწინებდეს,“ – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.