ცესკო-ს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს 29 აპრილის არჩევნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
ცესკო-ში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ახალ ფორმატში გამართულ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვასა და ამ მიმართულებით ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე იმსჯელეს.
ცესკო-ს პრესსამსახურის ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომლის გამოყენებასაც ადმინისტრაცია 29 აპრილის არჩევნებზე გეგმავს. მან ასევე ისაუბრა სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობაზე და მადლიერება გამოხატა საერთაშორისო ორგანიზაციების მზაობაზე, დააკვირდნენ აღნიშნულ არჩევნებს, რომელიც, თავის მხრივ, 2024 წლის საერთო არჩევნებისთვის ერთგვარ ტესტს წარმოადგენს.
„არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ ვცდილობთ, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომელიც ადმინისტრაციამ 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის განახორციელა, ეს თავისთავად გულისხმობს საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებას. გვაქვს შანსი, აღნიშნულ არჩევნებზე პრაქტიკაში დავაკვირდეთ ყველა კომპონენტს და შევისწავლოთ ტექნოლოგიების ინტერვენციის ძლიერი და სუსტი მხარეები. აღნიშნული, თავის მხრივ, იქნება მნიშვნელოვანი გამოცდილება 2024 წელს დაგეგმილი პარლამენტის არჩევნებისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ გამოწვევების შესახებ, რომელიც პროცესს ახლავს თან. ჩართული მხარეების ინფორმირება, მათი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გაზიარება საარჩევნო პროცესის სწორად და გამჭვირვალედ წარმართვას უწყობს ხელს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრის მეორე ნაწილი ტექნოლოგიების დემონსტრირებას დაეთმო. ცესკო-ს ელექტრონული ტექნოლოგიების პროექტის მენეჯერმა, გიორგი სტურუამ მონაწილეებს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების – ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, განხორციელდა შედეგების გადაცემის დემონსტრირება, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შედეგების პირდაპირ ცესკო-ში პლანშეტების მეშვეობით გადაგზავნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროცედურა ამ არჩევნებზე სიახლის სახით პირველად იქნება პილოტირებული. შეხვედრის მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ იმიტირებულ კენჭისყრაში.
ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.