ცესკო-ს თავმჯდომარემ მეორე ტურზე გადასატანი ყუთების განსაკუთრებული შემოწმების დავალება გასცა
ცესკო-ს თავმჯდომარემ მეორე ტურზე გადასატანი ყუთების განსაკუთრებული შემოწმების დავალება გასცა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით რიგით 73-ე სხდომა ჩატარდა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა ოთხი საკითხი განიხილეს, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ცესკო-ს წარმომადგენლების არჩევისა და მათი უფლებამოსილების განსაზღვრა.

ასევე ისაუბრეს საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში საარჩევნო უბნების, სპეციალური ჯგუფების შექმნის, მათი შემადგენლობის, კენჭისყრის ვადებისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებაზე.

კომისიის წევრებმა აგრეთვე იმსჯელეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და იქ არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და სამდივნოს შექმნის საკითხზე.

ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ შესაბამის დეპარტამენტს კენჭისყრის მეორე ტურზე გადასატანი ყუთების განსაკუთრებული შემოწმების დავალება მისცა.