ცესკო-ს თავმჯდომარემ 2 აპრილის არჩევნების შუალედური ანგარიში წარადგინა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებს 2 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
როგორც ცესკო-ში აღნიშნავენ, ანგარიში პირველი თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მასში დეტალურად არის აღწერილი საქმიანობები, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2 აპრილის არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩასატარებლად განახორციელა.
შეხვედრის მონაწილეებს ანგარიში უშუალოდ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა და ისაუბრა არსებითად მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის: საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადებაზე, საარჩევნო სუბიექტებისა და წარმომადგენლების, ასევე დამკვირვებლებისა და მედიის რეგისტრაციის შესახებ, ამომრჩეველთა ერთიანი სიასა და მათი ინფორმირების კამპანიაზე, ინკლუზიური საარჩევნო გარემოსა და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე, ასევე პანდემიის პრევენციის მიზნით მიღებულ ზომებზე.
დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტექნოლოგიურ სიახლეზე, რომელიც 2 აპრილის არჩევნებზე ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში განხორციელდება. საუბარია ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებაზე. სწორედ ამ საპილოტე პროექტთან დაკავშირებით შეხვედრაზე ტექნოლოგიური საშუალებების: ამომრჩევლის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების სიმულაცია გაიმართა.
„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩართულ მხარეებთან მუდმივი კომუნიკაცია. შესაბამისად, დღევანდელი დღეც ემსახურებოდა იმას, რომ არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის მიგვეწოდებინა მაქსიმალური ინფორმაცია ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან და ჩვენი საქმიანობის საჯაროობიდან გამომდინარე ყველა იმ მნიშვნელოვანი აქტივობის შესახებ, რომელიც 2 აპრილს გასამართი შუალედური არჩევნებისთვის დაიგეგმა, ხორციელდება და განხორციელდება უშუალოდ კენჭისყრის დღეს. მათ შორის არის ის ტექნოლოგიური საშუალებები, რომლის გამოყენებასაც ცესკო ბათუმში 14 საარჩევნო უბანზე აპირებს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
2 აპრილის შუალედური არჩევნების ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიმართა. მას პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე მედიისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.