ცესკო-ს თავმჯდომარე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, რობინ დანიგანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ცესკო-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ტექნოლოგიების გამოყენებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩასატარებლად. მან ელჩთან საუბრისას ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების, ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ინფორმირებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ვრცლად ისაუბრა.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოც.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყოველთვის იყო დიდი მხარდამჭერი საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო პროცესების განვითარების ქვეყანაში, რისი დასტურიც არის ჩვენს არაერთ საერთაშორისო პარტნიორთან არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. სწორედ ამის გამოძახილია დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ქალბატონ ელჩთან. ჩვენ განვიხილეთ 26 ოქტომბრის არჩევნების სამზადისი, ის გამოწვევები და საჭიროებები, რომლებიც დღეს ინსტიტუციის წინაშე დგას. ვისაუბრეთ საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან როლზე საარჩევნო პროცესებში, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას.
თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-ს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები დადებითად შეაფასა და საარჩევნო ადმინისტრაციას მხარდაჭერა გამოუცხადა ამ მნიშვნელოვან საქმეში.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ცესკო-ს საარჩევნო პროცესში აქ, საქართველოში, და ზოგადად ყველგან, მსოფლიო მასშტაბით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები ასრულებენ უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის დემოკრატიის სიძლიერის წარმოსაჩენად. ჩვენ ასევე განვიხილეთ აშშ-ის მხარდაჭერა ამ პროცესის მიმართ. ჩვენ ცესკო-ს მხარს ვუჭერთ სხვადასხვა პროგრამით და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. მხარს დავუჭერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს. ჩვენი რეალური მიზანი, აშშ-ის მიზანია, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი და ქართველებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ თავიანთი ხმის უფლება“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა.
შეხვედრის დასასრულს გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით მადლობა გადაუხადა ქალბატონ ელჩს პირადად ამ საკითხებით დაინტერესებისთვის, გამოხატული ინტერესისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ გამოხატავს. შეხვედრას, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ ცესკო-ს საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე და აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი კელი მაკინტოში.