ცესკო-ს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
ცესკო-ს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ქეთი მაისურაძეს შეხვდა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც ცესკო საარჩევნო პერიოდში განახორციელებს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, ცესკო საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან წლებია თანამშრომლობს და IFES ცესკო-ს ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო პარტნიორია.

„ჩვენ ვისაუბრეთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმებზე. ასევე  ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე, რომლის წინაშეც საარჩევნო ადმინისტრაცია დგას. ვთხოვეთ ამ მიმართულებით პარტნიორობის გაწევა და შესაბამისი მხარდაჭერა. IFES ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენთან და ჩვენს ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო პარტნიორს წარმოადგენს საარჩევნო პროცესის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის. მინდა აღვნიშნო, თავის მხრივ, IFES-მა გამოთქვა მზაობა, რომ ყველა შესაძლო შემთხვევაში, სადაც ჩვენი პარტნიორობის ფარგლები იკვეთება, საარჩევნო ადმინისტრაციას გამოუცხადოს სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.