ცესკო-ს სამი წევრი პროკურატურაში ​გამოკითხვაზეა დაბარებული
ცესკო-ს სამი წევრი პროკურატურაში ​გამოკითხვაზეა დაბარებული

პირველი არხის ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამი უპარტიო წევრი გამოკითხვაზეა დაბარებული. საქმე ეხება ცესკო-ში წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერთა სიების შესაძლო გაყალბების ფაქტს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას.

მთავარ პროკურატურაში ამ დროისთვის კომისიის წევრი გიორგი ჭიქაბერიძე იმყოფება, მოგვიანებით კი გამომძიებლების კითხვებს კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი უპასუხებს.

პროკურატურამ დღეს უკვე გამოკითხა კომისიის კიდევ ერთი წევრი, დიმიტრი ჯავახაძე.

ცესკო-ში „ევროპული საქართველოს“ წევრი, დავით გურგენიძე მთავარ საგამოძიებო უწყებაში გასულ კვირას იმყოფებოდა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ნიკა მაჭუტაძის  პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მონაცემები და ხელმოწერა დაფიქსირდა. თუმცა, ცესკო-ს ცნობით, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება მამუკა ბახტაძის საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.

ნიკა მაჭუტაძის პარტიის („მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“) მიერ მამუკა ბახტაძის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ შედის ოპოზიციურ გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ . ამავე გაერთიანების წევრია „ნაციონალური მოძრაობა“,  ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე. ამასთან, თავის მხრივ პრეზიდენტობის კანდიდატი მაჭუტაძის პარტიამაც დაასახელა. სწორედ მის კანდიდატ მიხეილ ანთაძის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩნდა მამუკა ბახტაძის გვარი და გაყალბებული ხელმოწერა.