ცესკო-ს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი - არის მცდელობა, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობას ხელი შეეშალოს
მცდელობა არის, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობას ხელი შეეშალოს, – ამის შესახებ ცესკო-ს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
გიორგი კალანდარიშვილი მოუწოდებს დამკვირვებლებსა და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს, თუ ხედავენ კანონდარღვევას და არასწორ ქმედებას, მიმართონ სამართლებრივ მექანიზმებს და იმოქმედონ კანონით გათვალისწინებული მექანიზმებით.
„არჩევნებისთვის საკმაოდ დიდი ინტერესია გამოხატული სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. სხვადასხვა ორგანიზაციების დაახლოებით 6 000-ზე მეტი დამკვირვებელია რეგისტრირებული, 5 000-ზე მეტი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ვგულისხმობ მონაწილე პარტიებს, რათა დააკვირდნენ მიმდინარე რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებს. დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების უმეტესობა მობილიზებული არიან ზუსტად ზუგდიდის საარჩევნო ოლქში. გვქონდა ფაქტები, რასაც საზოგადოება ტელევიზიის საშუალებით დააკვირდა. მცდელობა არის, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობას ხელი შეეშალოს. არა მხოლოდ მუშაობას, არამედ კომისიის სხდომებზე განსაკუთრებული აქცენტია იმისთვის, რომ კომისიას შესაძლებლობა არ ჰქონდეს, სრულად წარმართოს ის პროცედურები, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობა ამ მიმართულებით ითვალისწინებს.
შესაბამისად, მინდა მივმართო ყველა მონაწილე პირს, რომ მოხდეს მაქსიმალურად საარჩევნო კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვა და თავიანთი უფლებების ამ კანონის შესაბამისად გათვალისწინება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ და შესაბამისი რეაგირებაც გვექნება კანონის ფარგლებში, აღიკვეთოს მსგავსი ქმედებები. მოვუწოდებთ შესაბამის პირებს, ესენი არიან დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები, მიმართონ სამართლებრივ მექანიზმებს თუ ხედავენ, რომ ადგილი აქვს რაიმე კანონდარღვევას და არასწორ ქმედებას, იხელმძღვანელონ და იმოქმედონ კანონით გათვალისწინებული მექანიზმებით და არა იმ ხერხებით, რასაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვაკვირდებით და ვხედავთ“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.