ცესკო საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის განსაზღვრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ცესკო საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის განსაზღვრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც წილისყრის პროცედურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე ჩატარდება, რომელზეც ცესკო-ში რეგისტრირებული ყველა სუბიექტის რიგითი ნომერი ერთიანად განისაზღვრება.
„საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე გარკვეული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები წილისყრით განისაზღვრება. წილისყრის პროცედურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომაზე ჩატარდება, რომელზეც ცესკო-ში რეგისტრირებული ყველა სუბიექტის რიგითი ნომერი ერთიანად განისაზღვრება. წილისყრა კი ეხება იმ პარტიებს, რომლებსაც საარჩევნო კანონმდებლობით უფლება არ აქვთ გამოიყენონ წინა არჩევნებზე მინიჭებული რიგითი ნომერი.
2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის ცესკო-ში რეგისტრაცია 66-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა. კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკო-ს, 4 სექტემბრის ჩათვლით, უკვე მომართა 10-მა უფლებამოსილმა საარჩევნო სუბიექტმა რიგით ნომრების მინიჭებასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ცესკოში.
ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ, აღნიშნულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს ასევე აქვთ უფლება მომართონ ცესკო-ს რიგით ნომრებთან დაკავშირებით.
„პარლამენტის არჩევნებისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელი კანდიდატები ამომრჩეველთა 22-მა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, მას შემდეგ რაც ცესკოს მიერ რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების/ბლოკების რიგითი ნომრები განისაზღვრება.
საარჩევნო კოდექსი საარჩევნო ბლოკების შემთხვევაშიც განსაზღვრავს წინა საერთო არჩევნებზე გამოყენებული რიგითი ნომრების გამოყენების წესს. საარჩევნო ბლოკებისთვის რეგისტრაციის მიზნით ცესკო-სთვის მომართვის ბოლო ვადა 18 სექტემბერია. შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნული საკანონმდებლო ვადების გათვალისწინებით, ცესკო-ს ექნება წილისყრის პროცედურის ჩატარებისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრების მინიჭების შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, ცესკო წლებია, კანონმდებლობით დადგენილ ბოლო ვადაზე მაქსიმალურად ადრე ატარებს წილისყრის პროცედურას.
შესაბამისად, მიმდინარე არჩევნებისთვისაც, ცესკო გეგმავს რიგითი ნომრების განსაზღვრას კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაში. (საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით (მუხლი 38¹) საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა – მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერი)“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.