ცესკო-ს პრესსპიკერი - რუსთავსა და გარდაბანში არც ერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილ საჩივრებს კი კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ მოუხდენია
რუსთავსა და გარდაბანში არც ერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივრები კი ისეთ საკითხებს შეეხება, რომელსაც კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ მოუხდენია, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა საჩივრებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, კენჭისყრა ყველასათვის ხელმისაწვდომ და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა.
„რაც შეეხება დეტალურ მონაცემებს – ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრები წარდგენილი აქვთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათ შორის „საიას“ და „სამართლიან არჩევნებს“, საჩივრები ასევე წარადგინა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. სულ საოლქო კომისიაში ამ დროისთვის 31 საჩივარი შევიდა და უმეტესწილად საჩივრები აგიტაციის წესის დარღვევას, ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას უშუალოდ უბანზე, ფოტოვიდეო გადაღების წესის დარღვევას, ასევე ელექტრონული მოწყობილობის გაუმართაობას შეეხებოდა. მაგალითად რაც შეეხება ელექტრონული მოწყობილობის მუშაობის შეფერხებას, უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ეს რისკებიც სრულად ჰქონდა წინასწარ გათვლილი და შესაბამისად ამ ტიპის შეფერხებებს კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ მოუხდენია და უბანზე მისულ ამომრჩეველს მაღალპროფესიული მომსახურებაც დახვდა.
21 შემთხვევაში ზემოხსენებულ ხარვეზებთან დაკავშირებით მოთხოვნილია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, 14 საჩივარში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და ორ შემთხვევაში კი გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგების ბათილობა“,- განაცხადა იოსელიანმა.
მისივე თქმით, საერთო ჯამში, ამ დროისთვის, მათი პირველადი შეფასებით, წარმატებით ჩაიარა ბათუმში საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ორგანიზებულმა ამომრჩეველთა ვერიფიკაციამ, კენჭისყრამ და ხმის დათვლის პროცედურებმა (რომელზეც ასევე ხორციელდებოდა ვიდეოგადაღება).
„ეს ტექნოლოგიებიც გახდა კიდევ ერთი გარანტი იმისა, რომ ასეთი მცირე რაოდენობის და თანაც უმნიშვნელო ხარვეზებთან დაკავშირებული საჩივრები შევიდა ოლქში. უდავოდ პოზიტიური ფაქტორია ისიც, რომ რუსთავსა და გარდაბანში საჩივრები საერთოდ არ დაფიქსირებულა.
საარჩევნო ადმინისტრაცია კი აგრძელებს მუშაობას და ახორციელებს კანონმდებლობის სრული დაცვით თითოეულ პროცედურას, რომელიც დაკავშირებულია კენჭისყრის დღის შემდგომ პერიოდთან. საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების შეტანის ვადები არის 3-4 აპრილს; რის შემდეგაც, საოლქო საარჩევნო კომისიებს საჩივრის განხილვის ოთხდღიანი ვადა აქვთ. იმ შემთხვევაში თუ საოლქო კომისიის გადაწყვეტილება შესაბამის სასამართლოში გასაჩივრდება, სასამართლო, საჩივარს ორი დღის ვადაში განიხილავს.
რაც შეეხება ოფიციალურ შეჯამებას, ცენტრალური საარჩევნო კომისია რუსთავსა და გარდაბანში პარლამენტის შუალედურ არჩევნებს აჯამებს არაუგვიანეს 27 აპრილისა, ხოლო ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია საკრებულოს შუალედურ არჩევნებს აჯამებს არაუგვიანეს 16 აპრილისა.
საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობით გაწერილი ვადების დაცვით ახორციელებს ყველა ქმედებას იმისათვის, რომ ოპერატიულად და უმოკლეს ვადებში დაასრულოს შესაბამისი პროცედურები და მიაწოდოს საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია ამ აქტივობების შესახებ“,- აღნიშნა ცესკო-ს პრესსპიკერმა.