ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში 63-დან 54 ოლქში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, ექვსში - გრიგოლ ვაშაძე
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში 63-დან 54 ოლქში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, ექვსში – გრიგოლ ვაშაძე. შესაბამისი მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
თელავი, ახმეტა, ლაგოდეხი, რუსთავი, ქუთაისი, გარდაბანი – ეს არის ის ოლქები, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის დათვლილი შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი კი უპირატესობას 54 ოლქში ფლობს. ყაზბეგის საარჩევნო ოლქის შემაჯამებელი ოქმები ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე ამ დრომდე ატვირთული არ არის.
ზოგიერთ ოლქში კანდიდატების მონაცემებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია, ზოგან კი მინიმალური. შესაბამისად, ყველა უბნის მონაცემის დათვლის შემდეგ, ცესკო-ს პირველადი მონაცემები ამ ოლქებში შესაძლოა, შეიცვალოს.