ცესკო-ს მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 57.9% იყო
ცესკო-ს მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 57.9% იყო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნების დღე შეაჯამეს. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. №54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 60 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 57.9% შეადგინა (27 846 ამომრჩეველი).

ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა.

მისი თქმით, ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი ნება თავისუფლად გამოეხატათ. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიებმა ხმის დათვლის პროცედურები დაიწყეს. შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

„მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი – საუბნო საარჩევნო კომისიები ახორციელებენ ხმების დათვლის პროცედურას. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს კანონის ფარგლებში წარმართონ საკუთარი საქმიანობა. ასევე, მივმართავთ საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეულ წევრს, ხელი შეუწყონ მედიასა და დამკვირვებლებს საკუთარი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებაში, რაც თავის მხრივ, პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, საოლქო საარჩევნო კომისიებში ხუთი საჩივარი დარეგისტრირდა და ყველა საჩივარი პროცედურული ხასიათის მცირე ხარვეზებს შეეხება.

„მაგალითად, ორი საჩივარი დაიწერა ერთი და იგივე საკითხზე ხონის №3 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. კერძოდ, საარჩევნო უბანზე დაბრუნებული გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი იყო დაულუქავ მდგომარეობაში. მოთხოვნილია გადასატანი ყუთის ბათილობა. ერთი საჩივარი დაწერილია ვანის №20 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. კერძოდ, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ერთით ნაკლებია გაცემულ ბიულეტენებზე. აღნიშნულის თაობაზე, კომისიის რეგისტრატორი წევრი ახსნა-განმარტებით ადასტურებდა, რომ ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა იყო გამორჩენილი“,-განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.