ცესკო-ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა, პირველ ტურთან შედარებით, გაზრდილია
ამომრჩეველთა აქტივობამ დღის 12:00 საათისთვის 19.6 პროცენტი შეადგინა, რაც ჯამში 688 551 ამომრჩეველია, – ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
აქტივობის მაჩვენებელი მეორე ტურში, პირველი ტურის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია. 28 ოქტომბერს დღის 12:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 15.96 პროცენტს ჰქონდა დაფიქსირებული.
ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ამბროლაურში ფიქსირდება, სადაც რეგისტრირებულ მოქალაქეთაგან 25-მა პროცენტმა უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 14 პროცენტი კი ხულოშია.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ საარჩევნო უბნებზე თითოეულმა ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.