ცესკო-ს მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 116 საჩივარია დაწერილი
ცესკო-ს მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 116 საჩივარია დაწერილი, მათგან ყველაზე მეტი ზუგდიდში.
როგორც ცესკო-ს პირესსპიკერმა ანა მიქელაძემ აღნიშნა, 48 ზუგდიდში, 33 მარნეულში,10 ზესტაფონში, 21 ხულოში, სამი თბილისში და ერთი ოზურგეთში დაიწერა.
„საჩივრების უმეტესი ნაწილი ეხება მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს და ძირითადი მოთხოვნა, ეს არის კომისიის წევრებისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული არის ათი საჩივარი, რომლებითაც რვა საარჩევნო უბანზე არის მოთხოვნილი საუბნო შემაჯამებელი ოქმების ბათილობა, მათგან ოთხი საჩივარი არის შემოსული მარნეულში, ხუთი ზესტაფონში, ერთი საჩივარი თბილისის ნომერ პირველ მაჟორიტარულ ოლქში“, – აღნიშნავს ანა მიქელაძე.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კანონით განსაზღვრული პროცედურები მიმდინარეობს, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები განიხილავენ.
„სამწუხაროდ, კენჭისყრის დღეს, მათ შორის, ხმის დათვლის პროცესში, იკვეთებოდა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის, საქმიანობის ხელის შეშლის ტენდენცია, რაც კანონიერი მექანიზმების გარეშე შეუძლებელს ხდიდა საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ფუნქციების განხორციელებას. ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ დაფიქსირდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გადამეტება და პროცესის მიმდინარეობის ხელის შეშლა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონის საფუძველზე,პროცედურების დაცვით შეძლო კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის დროულად დასრულება და ამომრჩეველთა ნების შედეგებში ასახვა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.