ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 49.09 პროცენტია
კენჭისყრის პროცესი დასრულდა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია. დედაქალაქში კენჭისყრაში დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 478 642-მა ამომრჩეველმა (47,7%), – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.
ცესკო-ს მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა რეგიონების მიხედვით დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში – 59.9%, ყველაზე დაბალი მცხეთა-მთიანეთში – 43.2%. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ აქტივობამ საერთო ჯამში შეადგინა 47.7%, რაც 478 642 ამომრჩეველია. ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ოლქების მიხედვით, თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობა ვაკის ოლქში დაფიქსირდა – 54,27%, ხოლო ყველაზე დაბალი ისნის ოლქში – 42,5%. მთაწმინდაზე ამომრჩევლის აქტივობა 53,41% იყო, საბურთალოზე – 52,75%, კრწანისში – 43,6%, სამგორში – 43,06%, ჩუღურეთში – 48,42%, დიდუბეში – 53,18%, ნაძალადევში – 45,52%, გლდანში – 45,76%.
ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ არჩევნებზე სრულად იყო დაცული კოვიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები.
„ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა აღნიშნული არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტის საფუძველი. მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის და კენჭისყრის პროცესში კოვიდრეგულაციების დაცვისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრსა და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო – ხმის დათვლის ეტაპი. მინდა მოვუწოდო ყველა დონის საარჩევნო კომისიას დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები.
საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა და ახლა უკვე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
აქვე მოგაწვდით რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს – ცესკო-ს კონტაქტ-ჰაბში 07:00 საათიდან 20:00 საათამდე შემოვიდა 1318 სატელეფონო ზარი და 262 ონლაინ შეტყობინება. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა, რათა ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი“, – აცხადებენ ცესკო-ში.
ამასთან, ცესკო-ში საჩივრების რაოდენობაზე არ უსაუბრიათ, თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ინფორმაციით, საჩივრები ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო.