ცესკო-ს მონაცემებით, 10 მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 55 363 ამომრჩეველმა, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47,8 პროცენტი მივიდა.
117 საარჩევნო უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილი წინასწარი მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე წარადგინა.
„ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებამ საშუალება მოგვცა, დღეს კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით საათ-ნახევარში გაგაცნოთ წინასწარი შედეგები იმ 117 საარჩევნო უბნის მონაცემების საფუძველზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებს მუშაობა არ დაუსრულებიათ, ვინაიდან, აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით გადაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს საარჩევნო უბნებზე. სიახლეა შემაჯამებელი ოქმების გადმოგზავნასთან დაკავშირებით, ოქმები პლანშეტის საშუალებით, საოლქო საარჩევნო კომისიების გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკო-ში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო ამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო-საარჩევნო ოქმები როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკო-ს, შემდეგ კი აიტვირთება ვებგვერდზე – results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47,8 პროცენტი მივიდა. გაგაცნობთ 117 საარჩევნო უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ მონაცემებს.
გურჯაანში, N8 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ზურაბ მუხულიშვილმა მიიღო 1 347 ხმა. თიანეთში ასევე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, იოსებ მათურელმა მიიღო 345 ხმა. ახალციხეში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, როინ ნებაძემ მიიღო 463 ხმა. ტყიბულში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, გიორგი კერესელიძემ მიიღო 321 ხმა, რაც მონაწილე ამომრჩეველთა 86,62 პროცენტია, ხოლო დამოუკიდებლად მონაწილე კანდიდატმა, გიორგი გაგოშიძემ 204 ხმა, რაც 13,37 პროცენტია. ქუთაისში მიხეილ გიორგაძემ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – მიიღო 5 331 ხმა.
მერების არჩევნებში, ცაგერში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ლევან ზალკანიანმა მიიღო 2158 ხმა. თერჯოლაში მანუჩარ რობაქიძემ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ 9 559 ხმა მიიღო.
პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქებში „თავისუფალი საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ბესიკ წულეისკირმა მიიღო 1 208 ხმა, რაც მონაწილე ამომრჩეველთა 4,67 პროცენტია, ხოლო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, გიორგი ხახუბიამ მიიღო 24 646 ხმა, რაც ამომრჩეველთა 95,32 პროცენტია“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.