ცესკო-ს იურიდიული სამსახურის უფროსმა გადასატან ყუთებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი აცხადებს, რომ ყველა ამომრჩევლის ხმა საბოლოო ჯამში იქნება დაცული.
მან კომენტარი გააკეთა გადასატანი ყუთის მეშვეობით სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი პირებისთვის შექმნილ სპეცუბნებთან დაკავშირებით.
„საზოგადოებისთვის როგორც ცნობილია, სულ შეიქმნა 127 უბანი და აღნიშნულ 127 საარჩევნო უბანზე 311 გადასატანი ყუთის მეშვეობით მიმდინარეობდა კენჭისყრის პროცესი. ზოგიერთ უბანთან დაკავშირებით, ერთეულ შემთხვევებში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც გადასატანი საარჩევნო ყუთები დაილუქა და უბანზე დათვლის გარეშე გადაეცა დასათვლელად და შემდგომი რეაგირებისთვის ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიებს. შესაბამისად, აღნიშნული უბნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არ არის ასახული დალუქული გადასატანი საარჩევნო ყუთების მონაცემები და შემდგომში საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად აისახება შედეგები შემაჯამებელ ოქმებში. ამავდროულად, ზოგიერთ შემთხვევებში ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობის ჯამი და ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა აღემატება ბათილი ბიულეტენებისა და სუბიექტებისთვის მიცემული ხმების რაოდენობის ჯამს, რაც ბუნებრივია, რადგანაც სპეციალურ უბნებზე, რიგი ამომრჩევლის შემთხვევაში, ამომრჩეველს არ ჰქონდა, გარდა პროპორციულისა, მაჟორიტარული ან სხვა წესით ხმის მიცემის უფლება. შესაბამისად, მეტი სიცხადისთვის, გვინდა განვმარტოთ, რომ ყველა ამომრჩევლის ხმა საბოლოო ჯამში იქნება დაცული და უზრუნველყოფილი მათი ნების გამოვლენა“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.