ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა და ამ დროისთვის კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
საარჩევნო ადმინისტრაციაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ უბნებზე მისულმა ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
„ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩევლები საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და, სადაც უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა“, – განაცხადა საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ აფრთხილებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, რომ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე ყველანაირი აგიტაცია კანონით იკრძალება. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი.
იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არცერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი. ამას გარდა, დაუშვებელია საარჩევნო კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება“, – განმარტა ანა მიქელაძემ.