ცესკო-ს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 364 საჩივარი შევიდა
ცესკო-ს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 364 საჩივარი შევიდა. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ. საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საჩივრები ძირითადად ეხებოდა პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბნებზევე იქნა აღმოფხვრილი.
„ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება და ასევე ორ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების გაბათილება“, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
მისივე ინფორმაციით, ცესკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში შევიდა 1746 ზარი და 449 შეტყობინება ონლაინჩატის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი კი სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნების მისამართებისა და პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.
ცესკო-ში განმარტავენ, რომ 20:00 საათზე ყველა უბანი დაიხურა კანონის შესაბამისად, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამომრჩევლებს შეუზღუდავად ჰქონდათ საშუალება, საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინათ.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, დაიწყო ხმების დათვლის პროცედურა. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც კანონით გათვალისწინებული პროცედურებით შედგება შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაიგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიებში, რის შემდეგაც საარჩევნო მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში აიტვირთება, პარალელურ რეჟიმში კი ცენტრალური საარჩევნო კომისია მათ ვებგვერდზე განათავსებს.
ონლაინტრანსლირების საშუალებით, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, დააკვირდეს წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვარაუდობენ, რომ წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 02:00 საათიდან დაიწყება.