ცესკო-ს ინფორმაციით, საოლქო კომისიებში 2 ოქტომბერს და შემდგომ პერიოდში 1 702 საჩივარი შევიდა
ცესკო-ს ინფორმაციით, საოლქო კომისიებში 2 ოქტომბერს და შემდგომ პერიოდში 1 702 საჩივარი შევიდა

საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს, 2 ოქტომბერს და შემდგომ პერიოდში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილია და ამ დროისთვის შესაბამის ელექტრონულ ბაზაში ასახულია 1702 საჩივარი, – ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წარადგინეს სულ 561 საჩივარი. რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ საჩივრებს – კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში საარჩევნო სუბიექტებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში 1141 საჩივარი წარადგინეს.

საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობა/გადათვლის მოთხოვნას შეეხება 825 განცხადება/საჩივარი, ხოლო დანარჩენი უმეტესწილად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასა და პროცედურულ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნას ეხება.

„კენჭისყრის პროცედურებთან, ხმის დათვლასთან და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ განცხადება/საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან ოთხი კალენდარული დღის ვადაში.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები, სადაც განიხილება საჩივრები, ზოგიერთ საარჩევნო ოლქში დასრულდა კიდეც განხილვის პროცესი.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაცია მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას თითოეულ საარჩევნო ოლქში განხილვების შედეგების თაობაზე.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში ორი კალენდარული დღის ვადაში, რომელიც თავის მხრივ საჩივარს მიღებიდან ორი დღის ვადაში განიხილავს“, – ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.