ცესკო-ს ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კომისიის წევრები გაიწვიეს
ცესკო-ს ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კომისიის წევრები გაიწვიეს

ცესკო-ს სპიკერის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია იოსელიანის ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კომისიის წევრები გაიწვიეს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასევე გაიწვია წარმომადგენლები და მათ არც საოლქო საარჩევნო კომისიებში ეყოლებათ წევრები.

შესაბამისად, მათ წერილობით მიმართეს კომისიას კანდიდატის გაწვევასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ცესკო-ში აცხადებენ, ამ მიმართვას იურიდიული ძალა არ აქვს.

„თქვენ იცით, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები 12-კაციანი შემადგენლობით მუშაობენ, შესაბამისად გვექნება 10-კაციანი შემადგენლობა, თუმცა ეს არ შეუშლის ხელს საარჩევნო პროცესს. ჩვეულებრივი წესით წარიმართება პროცედურა და რაც შეეხება შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერას, აქვე განვმარტავ და გეტყვით, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის მაჟორიტარულ ოქმზე ხელს მოაწერენ ის კომისიის წევრები, რომლებიც ადგილზე იქნებიან და კანონიც სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ ხელი მოაწერონ იმ კომისიის წევრებმა, რომლებიც ამ დროს ესწრებიან პროცესს.

შვიდ კაცზე ნაკლები თუ იქნება, ამ შემთხვევაში სპეცუბნის სტატუსი მიეცემა ამ საუბნო საარჩევნო კომისიას, შეტყობინება მივა აუცილებლად საოლქო საარჩევნო კომისიაში და საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს კომისიის წევრების მივლინებას იმ უბანზე. თუ შვიდკაციანი შემადგენლობა ექნებათ, არ შეექმნება საფრთხე იმას, რომ დადგენილი წესით ჩატარდეს წილისყრა და სხვა დანარჩენი პროცედურები. ბუნებრივია, შვიდკაციანი შემადგენლობითაც შეუძლია საუბნო საარჩევნო კომისიას გააგრძელოს მუშაობა. ეს კანონით დაცული ნორმაა”, – განაცხადა ცესკო-ს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია იოსელიანმა.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ცესკო-ში აცხადებენ, რომ წერილობითი განცხადებით ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამ ეტაპზე არ მიუმართავთ. ასეთი პარტიები კი არიან „ქართულო ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“.