ცესკო-ს ინფორმაციით, კრწანისის სამ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი ელექტრონული აპარატის გამოყენების გარეშე, ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არასწორია ინფორმაცია ზესტაფონის სოფელ საქარაში ორ კანდიდატს შორის დაპირისპირების შემდგომ საარჩევნო ურნის დაზიანებისა და საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შეწყვეტის შესახებ.
მათივე ინფორმაციით, ასევე ტყუილია, თითქოსდა მარნეულის 67-ე უბანზე ირღვევა ფარულობის პრინციპი და ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი ყველა ამომრჩეველს კაბინაში მიჰყვება და ამოწმებს მათ შემოხაზულ ბიულეტენებს.
ცესკო-ში ასევე აღნიშნეს, რომ დაფიქსირდა ხარვეზები ბიულეტენებთან დაკავშირებით. კერძოდ, კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-18, 24-ე და 32-ე საარჩევნო უბნებზე საარჩევნო ბიულეტენი იყო დიდი ზომის და სპეციალურ აპარატში ვერ მოთავსდა. შესაბამისად, ამ ორ უბანზე კენჭისყრის პროცესი ელექტრონული აპარატის გამოყენების გარეშე, ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა.
საარჩევნო დარღვევებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას ცესკო-ში განცხადეს, რომ ხარვეზი დაფიქსირდა ბიულეტენებთან დაკავშირებით ვაკის საარჩევნო ოლქის მეოთხე უბანზე. საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს და აღნიშნულ უბანზე ხარვეზიანი ბიულეტენები ჩანაცვლდება.
ცესკო-ს განცხადებით, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდში „ედისონ რისერჩის“ მკვლევრებს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ხელს უშლიან კვლევის წარმოებაში.
„მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, ნუ შეუშლიან ხელს მათ კვლევის განხორციელებაში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას“, – აცხადებენ ცესკო-ში.