ცესკო-ს ინფორმაციით, ბოლნისის 27-ე უბნიდან კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბოლნისის 27-ე უბნიდან კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს.
როგორც საარჩევნო ადმინისტრაცია განმარტავს, გაძევების მიზეზი საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა გახდა.
ცესკო-ში განმარტავენ, რომ ანალოგიური პრობლემები იყო ბოლნისის 34, 35 და 36-ე უბნებზე, თუმცა ხარვეზი უკვე აღმოიფხვრა.
„ბოლნისის ოთხ საარჩევნო უბანზე – 27-ე, 34-ე, 35-ე და 36-ე საარჩევნო უბნებზე სუბიექტის წარმომადგენლები ერეოდნენ საარჩევნო კომისიის მუშაობაში, მათ მიიღეს გაფრთხილება. სამ უბანზე აღმოიფხვრა პრობლემა, ხოლო 27-ე უბანზე იქიდან გამომდინარე, რომ გაგრძელდა საარჩევნო კომისიის მუშაობაში ხელის შეშლის მცდელობა, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და აღნიშნულმა პიროვნებამ დატოვა საარჩევნო უბანი”, – განმარტა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.
ამასთან, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დაადასტურა დიდუბის 28-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დაკარგვის ფაქტი.
ცესკო ასევე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ზუგდიდში, ინგირის 94-ე უბანზე დაფიქსირებულ ხარვეზთან დაკავშირებით.
საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ორგანიზაციის დამკვირვებელი უბნიდან იტყობინებოდა, რომ დაინახა, თუ როგორ ჩააგდო ყუთში რამდენიმე კონვერტი ყუთის ზედამხედველმა წევრმა.
„ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია. კომისიის წევრებმა დაწერეს ახსნა-განმარტებები, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კომისიის წევრი იყო ამავე უბნის ამომრჩეველი და მან თავად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მათი ინფორმაციით, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახალქალაქის 46-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარე, ერთ-ერთ წევრს ტელეფონი გაუტეხა. როგორც ცესკოში განმარტავენ, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, გაირკვა, რომ ადგილი ჰქონდა არასაჯარო ინფორმაციის გადაღების მცდელობას, რასაც მცირე გაუგებრობა მოჰყვა. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ამ უბანზე კენჭისყრის პროცესი ახლა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.