ცესკო-ს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაცია საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს.
ცესკო-ს ინფორმაციით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) შემდეგ ცესკო-ს დელეგაციამ შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებთან გამართა.
მათივე ცნობით, შეხვედრებზე საუბარი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და ამ მიმართულებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე, გამოწვევებსა და საჭიროებებზე. ასევე, ამომრჩეველთა ინფორმირების მნიშვნელობაზე ტექნოლოგიური ინტერვენციის პირობებში.
„IFES-ი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც ერთობლივი წარმატებული პროექტების მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს და საარჩევნო ადმინისტრაციის მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდეს. მათი მხრიდანაც ეს პარტნიორობა ხაზგასმული იყო და აღინიშნა, რომ წარმატებული თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება. ასევე, მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში, შედგა საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით. მათ გავუზიარეთ საარჩევნო ადმინისტრაციის ხედვა ჩვენს საქმიანობასა და გამოწვევებთან მიმართებაში. ვისაუბრეთ საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და საჭიროებაზე. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას საარჩევნო პროცესში და ამ მხრივ ადმინისტრაცია იქნება ღია და გამჭვირვალე ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ცესკოს დელეგაციის ვიზიტი 28 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება.