ცესკო-ს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს მართავს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს მართავს.
დელეგაცია ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ცესკო-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ცესკო-ს დელეგაციამ 28 ნოემბერს შეხვედრები გამართა ვაშინგტონში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სათავო ოფისებში.
შეხვედრების მთავარი თემა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადება და არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები იყო.
ცესკო-ს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, ადმინისტრაცია მზად არის ელექტრონული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.
მისივე თქმით, აღნიშნული პირველი ოქტომბრის არჩევნების აუდიტის შედეგებმაც დაადასტურა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ცესკო-ს თავმჯდომარემ შეხვედრების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ელექტრონული არჩევნების მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების მიზნით მიმდინარე საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის შესახებ, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონული სერვისების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
შეხვედრებზე ცესკო-ს დელეგაციამ ხაზი გაუსვა იმ მრავალწლიანი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას ამ ორგანიზაციებთან აქვს. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა საარჩევნო და დემოკრატიულ პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში, გიორგი კალანდარიშვილთან ერთად, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე შედიან, ოფიციალურ შეხვედრებს 29-30 ნოემბერსაც გამართავს.