ცესკო - მონაცემები, რომელიც ერთ-ერთი უცხოური მედიის ცნობით, ჰაკერულ ფორუმზე გავრცელდა, ჩვენ ოფიციალურ მონაცემებს არ ემთხვევა
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მონაცემები, რომელიც ერთ-ერთი უცხოური მედიის ცნობით, ჰაკერულ ფორუმზე გავრცელდა, ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებს არ ემთხვევა.
როგორც საქართველოს პირველ არხს ცესკო-ში განუცხადეს, საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ბაზაში სამი მილიონ ხუთასი ათასი ამომრჩეველია და მასში არ არის მითითებული ტელეფონის ნომრები და არ არის ასახული გარდაცვლილი მოქალაქეები.
უცხოური გამოცემის, ZDNet-ის ინფორმაციით, ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილიონი ქართველის პირადი მონაცემების ბაზა გამოქვეყნდა, მათ შორის გარდაცვლილი მოქალაქეების მონაცემებიც. გამოცემა აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემები მოიცავს სრულ სახელებს, საცხოვრებელ მისამართებს, დაბადების თარიღებს, პირად ნომრებს და მობილური ტელეფონის ნომრებს. გამოცემა წერს, რომ 2019 წლის მონაცემებით, საქართველო 3,7 მილიონი მოქალაქე ჰყავს, საიდანაც მესამედზე მეტი არასრულწლოვანია და ხმის მიცემის უფლება არ აქვს.
ამასთან, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველის შს სამინისტრომ. როგორც უწყებაში განაცხადეს, ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, მათთვის ცნობილია.
„მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში დამატებითი განმარტებები გაკეთდება“, – აცხადებენ შს სამინისტროში.