ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს ურჩევს, დროულად მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ საკანონმდებლო რეგულაციები განმარტა, რომელიც მსგავსი ტიპის ამომრჩევლებს უკავშირდება.
„საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, მოქალაქეებს, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიც არ არის მითითებული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, უკვე შეუძლიათ გამოცხადდნენ იუსტიციის სახლის ფილიალებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, სადაც უნდა წარადგინონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და ციფრულ ფორმატში გადაიღონ ფოტოსურათი“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისი თქმით, საკუთარი მონაცემების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების გავლა მოქალაქეებს მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.
ანა მიქელაძის განცხადებით, აღნიშნული პროცედურების გავლისას, მოქალაქეები გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ. შეღავათების შესახებ კი, დეტალური ინფორმაციის მიღება მათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ან სამინისტროს ცხელ ხაზზე შეუძლიათ.